ბითაძემ სეზონი დაასრულა - „ინდიანა“ „ვაშინგტონთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანას“ პლეი ოფში მოსახვედრად ერთი მოგება დააკლდა. ინდიანაპოლისელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, აღმოსავლეთის კონფერენციაში რიგ მომენტებში მეოთხე ადგილზეც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ რეგულარული ეტაპი მეცხრე ადგილზე დაასრულეს და პლეი ოფში მოსახვედრად ოთხგუნდიან გადათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

პლეი ინის პირველ მატჩში „შარლოტი“ 144:117 დაამარცხეს, პლეი ოფში გამსვლელ შეხვედრაში კი, „ვაშინგტონთან“ 115:142 დათმეს და სეზონიც დაასრულეს.

„ვაშინგტონთან“ დომანტას საბონისმა თავისი საქმე გააკეთა – 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ბროგდონმა 24 ქულა ჩააგდო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პლეი ოფში გასვლას მეტი სჭირდებოდა.

არც ბითაძეს ჰქონდა საუკეთესო მატჩი: 17 წუთი, 3 პასი, 2 მოხსნა, 1 დაფარება. მან თამაშიდან სამჯერ სტყორცნა, სამჯერვე უშედეგოდ.

გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება როგორ უნდა, ინდიანელებს მეტოქე რასელ ვესტბრუკმა უჩვენა – 18 ქულა, 15 პასი, 8 მოხსნა. ბრედლი ბილმა 25 ქულა ჩააგდო.

პლეი ოფში „ვაშინგტონი“ „ფილადელფიას“ შეხვდება, „ინდიანა“ ახალი სეზონისთვის მოემზადება.