ბითაძემ ეფესს 16 ქულა ჩაუგდო, ბუდუჩნოსტმა საშინაო მარცხი განიცადა

მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ. საქართველოს ნაკრების 19 წლის კალათბურთელმა ამჯერად „ევროლიგაში“ გამოიჩინა თავი. თურქულ „ეფესთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგამ „ბუდუჩნოსტს“ 16 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი დაფარება შესძინა. ქართველი ტალანატი ძირითად ხუთეულში იყო და 23:50 წუთში ოთხიდან ორი ორქულიანი, სამიდან დან ორი სამქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მეორე მაჩვენებელი იყო. სამი დაფარებიდან კი ერთ-ერთი განსაკუთრებით ეფექტური და ლამაზი გამოვიდა. აღნიშნული ბლოკ შოტი ტურნირის ოფიციალურმა ვებ გვერდმაც გამოარჩია და დიდი ალბათობით, ტურის საუკეთესო ათეულში მოხვდება.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 91-84. „ეფესი“ რეგულარულ სეზონში მეხუთე ადგილზეა და წელს პლეი-ოფში ითამაშებს. „ბუდუჩნოსტი“ ბოლოსწინა პოზიციაზეა. იასმინ რეპეშას გუნდი 28-ე ტურში ბარსელონას ესტუმრება.

ბაიერნი-ბარსელონა 72-71
ცსკა-ფენერბაჰჩე 70-68
გრან კანარია-ოლიმპიაკოსი 90-67