ბითაძე ნაკრებთან ერთად გამოჩნდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT
ბითაძე ნაკრებთან ერთად გამოჩნდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ვარჯიში გამართა. ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში ილია ზუროსის გაწვრთნილებმა ბელგიის წინააღმდეგ ოვერტაიმში დასანანი მარცხი განიცადეს. გუნდი მეორე ტურის მატჩს ხვალ მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

ბელგიასთან მატჩის დროს გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ცენტრი დღეს გუნდთან ერთად გამოჩნდა და მართალია, საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ მცირე ინტენსივობით სროლებში ვარჯიშობდა.

ბითაძის მდგომარეობაზე ბოლო სიახლე მედიასთან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმმა, თემურ ხვედელიძემ გააჟღერა.

„დღეს გოგას დიაგნოზის დასაზუსტებლად ჩაუტარდა კვლევა და გამოიკვეთა დაბეჟილობა, რომელსაც ბელგიასთან მატჩის შემდეგ ვვარაუდობდით და სერიოზულ ტრავმას გადავრჩით, რაც ძალიან კარგია.

ხვალ შუადღის დინამიკიდან გამომდინარე გადაწყდება, მისი თამაშის საკითხი. მე იმედი მაქვს, რადგან თავად გოგა არის შემართებით, ყველაფერი კარგად დასრულდება და ღმერთის წყალობით, გოგა ჩემპიონატზე გამოსვლას გააგრძელებს. ჩვენთვის მთავარი ესაა.

უამრავი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, პროგნოზიც ყოველთვის კარგია, მაგრამ ტრავმა ისეთ ადგილზე იყო, რომ პროექციულად ნერვს უკავშირდებოდა და შესაბამისად, ტკივილის აღქმა მეტი იყო“, – ამბობს თემურ ხვედელიძე.

ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების მატჩი ხვალ 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.