ბითაძე და მამუკელაშვილი ისევ შეხვდნენ - სანდროს 2 ქულა და „ბაქსის“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძე და მამუკელაშვილი ისევ შეხვდნენ - სანდროს 2 ქულა და „ბაქსის“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT

29 ნოემბერს, გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გასული სეზონის ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ ნელ-ნელა ფორმაში შედის, რასაც მისი ზედიზედ მოპოვებული მე-7 გამარჯვება ამტკიცებს. ვისკონსინელები, ამჯერად „ინდიანა პეისერსს“ ესტუმრნენ და მეტოქე 118:100 დაამარცხეს. მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა მიიღო.

​გოგა პარკეტზე მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებში გამოჩნდა. მან 5:27 წუთი ითამაშა და 1 მოხსნა დააგროვა. ახალგაზრდა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში ბურთი ერთხელ, პერიმეტრიდან ისროლა და უშედეგოდ.

სანდრომ სათამაშოდ შედარებით უფრო მცირე დრო მიიღო და 3:24 წუთში 2 ქულასა და 2 მოხსნას (1 შეტევაში) მოუყარა თავი. მან ორქულიანი ერთხელ ისროლა და ბურთი კალათში მოათავსა.

რაც შეეხება მატჩს, პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, დიდ შესვენებამდე კი „ბაქსმა“ 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა 12 ქულით მოიგო და შეხვედრის ბედი ფაქტიურად გადაწყვიტა.

ამ შეხვედრაში იანის ანტეტოკუნმპო საუკეთესო იყო, ბერძენმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი 26 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა. 23 ქულა ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეის. „პეისერსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი კარის ლევერტი იყო, რომელმაც ასევე 23 ქულა დააგროვა.

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ კი 2 დეკემბერს „შარლოტს“ დაუპირისპირდება.