ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძის ისტორიული შედეგი
ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძის ისტორიული შედეგი

მძლეოსნობაში საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატზე დღეს გორელმა ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 21 მეტრსა და 21 სანტიმეტრზე გადააგდო.

მუჯარიძის შედეგი ისტორიულია, რადგან ამ მაჩვენებლით ის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი ხდება, მანამდე კი უნდა დაველოდოთ მძლეოსნობის მსოფლიო ასოციაციის მიერ დღეს თბილისში ნაჩვენები შედეგის ოფიციალურად დადასტურებას და ეს აღიარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უნდა გაჟღერდეს.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ნაჩვენები შედეგი მსოფლიო ორგანიზაციამ არ დაადასტურა, მუჯარიძეს ოლიმპიური ლიცენზიის მიღების შანსი მარტში მიეცემა.

მარტში ლეირიაში (პორტუგალია) ჩატარდება ევროპის თასი ტყორცნებში, სადაც ასევე იასპარეზებს მუჯარიძე და რადგან მან ერთხელ უკვე დააფიქსირა ლიცენზიისთვის საკმარისი შედეგი, გამეორების შანსი ძალიან დიდია.

21 წლის გიორგი მუჯარიძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი გახლავთ, ახალგაზრდებში ევროპის მცირე ერების ჩემპიონატის გამარჯვებული და ტყორცნებში ევროპის 23 წლამდელთა თასის მფლობელია.