ბირთვი შენარჩუნებულია - კუხიანიძე წყალტუბოში დარჩა
ბირთვი შენარჩუნებულია - კუხიანიძე წყალტუბოში დარჩა

წყალტუბოს „სამგურალი“ მომავალი სეზონისთვის დაკომპლექტებას იწყებს. ეროვნულ ლიგაში აღზევებული კლუბის ხელმძღვანელობა ძირითადი ბირთვის შენარჩუნებასა და გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

კლუბის სპორტული დირექტორის, ბესიკ ხაჭიპერაძის თქმით, სხვა ფეხბურთელებთან მოსალაპარაკებლად დრო სჭირდებათ.

„ძირითადი ბირთვის შენარჩუნებისთვისა და გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერი კეთდება. ფეხბურთელებთან, რომლებიც მთავარი მწვრთნელის გეგმებში მოიაზრებიან, ხელშეკრულებები უახლოეს პერიოდში გახანგრძლივდება, იქნება სხვა საინტერესო სიახლეებიც“, – ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი.

ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე, „სამგურალთან“ ხელშეკრულება სერგო კუხიანიძემ, ისუფ ტურემ, პაპუნა ფონიავამ, შალვა ბურჯანაძემ, კახაბერ მეშველიანმა, თედო კიკაბიძემ და გაგა გაზდელიანმა გაახანგრძლივეს.

გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სერგო კუხიანიძე შეინარჩუნა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი წლევანდელ სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სერგო კუხიანიძემ ჩემპიონატსა და თასზე 12 გოლი გაიტანა. აქედან 7 ჩემპიონატში, 2 პლეი ოფში, 3 საქართველოს თასზე.

დატოვე კომენტარი