ბიორნ ბორგის 16 წლის ვაჟს პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტი ექნება
ბიორნ ბორგის 16 წლის ვაჟს პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტი ექნება

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის, „დიდი სლემის“ 11-გზის ჩემპიონის ბიორნ ბორგის ვაჟი – ლეო ბორგი პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტისთვის ემზადება.

ოთხშაბათს, 16 წლის შვედი დაიწყებს გამოსვლას „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირში, რომელიც იტალიის ქალაქ ბერგამოში გაიმართება. მისი მეტოქე იქნება ტაივანელი ჩოგბურთელი ჟენ ჟუნსინი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 301-ე ნომერია. თავად უმცროს ბორგს რეიტინგი არ აქვს, იუნიორთა კლასიფიკაციაში კი 98-ე ადგილზეა.

2019 წლის ბოლოს, ლეომ გაიმარჯვა ისრაელში იუნიორთა ტურნირზე, იანვარში კი კოსტა რიკაში ასევე იუნიორებში ნახევარფინალამდე მიაღწია.

ბიორნ ბორგი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია, ექვსჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი და ხუთჯერ – უიმბლდონი. 1979 წელს, ის გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში კორტზე მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

დატოვე კომენტარი