ბიორნ ბორგი 63 წლის გახდა
ბიორნ ბორგი 63 წლის გახდა

მსოფლიო ჩოგბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, შვედი ბიორნ ბორგი 1956 წლის 6 ივნისს სტოკჰოლმში დაიბადა. კარიერის განმავლობაში (1973-1983) მას მოგებული აქვს 11 დიდი სლემის ტურნირი. აქედან ექვსი – საფრანგეთის ღია პირველობა და ხუთი უიმბლდონი.

შვედმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2014 წლამდე, სანამ რაფაელ ნადალმა ის ხუთამდე არ გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ბორგს მსგავსი რეკორდი დღემდე აქვს უიმბლდონზე ზედიზედ ხუთი ჩემპიონობით და მისი გამეორება მხოლოდ როჯერ ფედერერმა შეძლო. შვედ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში სხვა მრავალი რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის აღსანიშნავია: სამჯერ დიდი სლემის ტურნირის სეტის წაუგებლად მოგება (გაიმეორა რაფაელ ნადალმა), დიდი სლემის ტურნირებზე ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი – 89.81% (141–16), ზედიზედ 41 გამარჯვება უიმბლდონზე, ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი უიმბლდონზე – 92.73% (51–4), ზედიზედ 41 სეტის მოგება საფრანგეთის ღია პირველობაზე 1979–1981 წლებში.

ბორგმა ორჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მან ერთეულთა თანრიგში ATP-ის 64 ტურნირი მოიგო. იგი ჯამში 109 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ გაიმარჯვა დეივისის თასზე შვედეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში.

ბორგმა 1983 წელს 27 წლის ასაკში მოულოდნელად დაასრულა კარიერა. ამ დროს მას უკვე 11 დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული. 1991 წელს იგი დაუბრუნდა ჩოგბურთს და 1993 წლამდე რამდენიმე მატჩი გამართა, თუმცა ყველა წააგო და საბოლოოდ დაამთავრა საჩოგბურთო კარიერა.

შვედმა ჩოგბურთელმა 1970-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის პოპულარიზაციაში. 1979 წელს იგი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ წელიწადში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 1987 წელს, ბორგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.