„ბილდის“ ინფორმაციით, იურგენ კლოპმა ზაფხულიდან, შეიძლება, გერმანიის ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი იურგენ კლოპი, შესაძლოა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. დღეისთვის ეროვნულ გუნდს სათავეში უდგას იულიან ნაგელსმანი, მაგრამ მისი მომავალი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, შეიძლება, საფრთხის ქვეშ დადგეს, თუ გუნდი ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შესახებ წერს გაზეთი „ბილდი“.
გერმანიის ნაკრებმა ბოლო ორ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ახლა, 2026 წლის ტურნირზე ნაგელსმანის მიმართ გერმანიის საფეხბურთო კავშირის მხრიდან მოთხოვნები სერიოზულია.
იურგენ კლოპი დღეისთვის კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია. ცოტა ხნის წინ წერდნენ იმის შესახებ, რომ „რედ ბულში“ უკმაყოფილონი არიან გერმანელის მუშაობით და წინააღმდეგნი არ იქნებიან, ზაფხულიდან ის სამწვრთნელო სამუშაოს დაუბრუნდეს. კლოპი ამ თანამდებობას 2025 წლის იანვრიდან იკავებს.