„ბილდი“ - გრუბერისა და ლოჩოშვილის შესანიშნავი სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ნიურნბერგის“ დაცვა კვლავ საიმედო გახდა #1TVSPORT
„ბილდი“ - გრუბერისა და ლოჩოშვილის შესანიშნავი სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ნიურნბერგის“ დაცვა კვლავ საიმედო გახდა #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემამ, „ბილდმა“, მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგის“ ცენტრალური მცველების წყვილზე, ფაბიო გრუბერსა და ლუკა ლოჩოშვილზე სტატია გამოაქვეყნა.

„„ნიურნბერგის“ დაცვის ცენტრი გასულ სეზონებში საიმედო თამაშით არ გამოირჩეოდა, მარგამ ახლა ამ მხრივ ვითარება მკვეთრად გამოსწორდა, რაც 23 წლის ფაბიო გრუბერისა და 27 წლის ლუკა ლოჩოშვილის დუეტის დამსახურებაა.

„ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს და თამაშს უფრო და უფრო ვაუმჯობესებთ. მე უფრო მეტად დაცვის ორგანიზებაზე ვარ პასუხისმგებელი, რაც ​ლოჩოშვილის თამაშის სტილს კარგად შეესაბამება, რომელიც შეტევაში ხშირად ერთვება“, – ამბობს გუნდის კაპიტანი გრუბერი.

სტატისტიკაც აჩვენებს, რამდენად ძლიერია „ნიურნბერგის“ დაცვის ცენტრი. ბევრ კატეგორიაში გრუბერი და ლოჩოშვილი მეორე ბუნდესლიგის TOP-25-ში არიან – ორივე ცენტრალურ მცველს შესანიშნავი მაჩვენებლები აქვთ.

ლოჩოშვილმა 279 ორთაბრძოლა მოიგო (მერვე ადგილი მეორე ბუნდესლიგაში), გრუბერმა – 248 (მე-13). შთამბეჭდავია მათი პროცენტული მაჩვენებლებიც – ქართველმა მცველმა ორთაბრძოლების 64% მოიგო (მე-11 ადგილი), გრუბერმა – 60.9% (მე-22 ადგილი).

ეს წყვილი ერთ-ერთი გამორჩეულია თავით თამაშითაც – გრუბერმა 116 საჰაერო ორთაბრძოლისას აჯობა მეტოქეებს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „შალკეს“  მცველს, ნიკოლა კატიჩს (174) ჩამორჩება. ლოჩოშვილის ანგარიშზე კი 80 მოგებული საჰაერო დუელია (მე-7 ადგილი).

გრუბერი თამაშში საშუალოდ 70.5-ჯერ ეხება ბურთს (მე-10 ადგილი), მისი პასების სიზუსტე 87.3%-ს უტოლდება. ლოჩოშვილის ანგარიშზე თამაშში საშუალოდ 65.6 შეხებაა (21-ე ადგილი), გადაცემის სიზუსტის მაჩვენებელი კი 89.5%-ია (მე-15 ადგილი).

ასეთი მაღალი დონის სტატისტიკა მიუთითებს, რომ „ნიურნბერგის“ დაცვა კვლავ საიმედო გახდა“, – წერს გერმანული გამოცემა.