ბილ რასელის პატივსაცემად, NBA-ში მეექვსე ნომრით აღარასოდეს ითამაშებენ #1TVSPORT
ბილ რასელის პატივსაცემად, NBA-ში მეექვსე ნომრით აღარასოდეს ითამაშებენ #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) 31 ივლისს გარდაცვლილი ბილ რასელის პატივსაცემად ლიგის ყველა კლუბისგან ხმარებიდან ამოიღებს მეექვსე ნომერს, – წერს ცნობილი ინსაიდერი შემს ჩარანია.

ლეგენდარული კალათბურთელი, რომელმაც მთელი კარიერა „ბოსტონ სელტიქსში“ გაატარა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ბოსტონმა“ ჯერ კიდევ მის სიკვდილამდე სამუდამოდ მიანიჭა ლეგენდას მეექვსე ნომერი, ახლა კი ვერც ერთი კალათბურთელი ვეღარ შეძლებს NBA-ში ამ ნომრით თამაშს. ასეთი რამ ლიგის ისტორიაში პირველად მოხდება. იმ კალათბურთელებისთვის, რომლებიც უკვე თამაშობენ მეექვსე ნომრით, გამონაკლისს დაუშვებენ. მათ შორისაა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი.

2022-23 წლების სეზონში NBA-ის ყველა მოთამაშეს მაისურის მარჯვენა მხარეს სამახსოვრო სამკერდე ნიშანი ექნება, ხოლო თითოეული არენის სათამაშო მოედანზე განთავსებული იქნება „სელტიქსის“ სიმბოლო მეექვსე ნომრით.

რასელი 13-წლიან კარიერაში 11-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. მხოლოდ მას და „მონრეალ კანადიენსის“ ჰოკეისტს ანრი რიშარს აქვთ მოგებული ამდენჯერ საჩემპიონო ტიტული ჩრდილოამერიკულ პროფესიულ ლიგებში. კიდევ ორჯერ მან „ბოსტონი“ ჩემპიონობამდე მთავარი მწვრთნელის რანგში მიიყვანა.

რასელი ხუთჯერ აღიარეს სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ, 1956 წელს ის აშშ-ის ნაკრების რიგებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.