„ბიბისის“ ინფორმაციით, ოდესის პორტიდან გასული სიმინდით დატვირთული გემი სტამბოლში ჩავიდა
„ბიბისის“ ინფორმაციით, ოდესის პორტიდან გასული სიმინდით დატვირთული გემი სტამბოლში ჩავიდა

ოდესის პორტიდან გუშინ გასული სიმინდით დატვირთული სატვირთო გემი სტამბოლში ჩავიდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამას მოწმობს Marintraffic-ის მონაცემები, რომელიც საზღვაო გემების მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

სატვირთო გემი Navistar, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავს, დღეს შევიდა სტამბოლის პორტში. გემი 33 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული. როგორც „ბიბისი“ წერს, სტამბოლის პორტში ელოდებიან ჩერნომორსკის პორტიდან გასულ გემებს – Rojen-ს და Polarnet-საც, რომლებსაც ჯამში 25 ათასი ტონა სიმინდი გადააქვთ. თურქული მედია იტყობინება, რომ გემები უკვე თურქეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან.

„ბიბისის“ ცნობით, სტამბოლის პორტის კოორდინაციის ცენტრში სამივე გემს ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი დაათვალიერებს.

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაერო-ს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.