„ბიბისი“ - ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა
„ბიბისი“ - ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა

„ბიბისი“ გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე წერს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიაში ნათქვამია, რომ „ბერლინში გახიზნული ჩეჩენი, რომელიც რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა, ბერლინის პარკში, სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა“.

„ბიბისის“ ცნობით, გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 49 წლის რუსი მამაკაცი, ასევე ნაპოვნია მკვლელობის იარაღი და დამნაშავის კუთვნილი ველოსიპედი.

გამოცემა მკველელობის დეტალებზეც წერს. თვითმხილველების ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელი ველოსიპედით ზურგიდან მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა თავში. მკვლელობა ბერლინის ცენტრში შუადღისას მოხდა.

პოლიციამ დამნაშავე მკვლელობის ადგილის სიახლოვეს დააკავა, როდესაც ის ველოსიპედისა და იარაღის მდინარეში გადაგდებას ცდილობდა.

მკვლელობის იარაღი – მაყუჩიანი „გლოკი“ პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

„ბიბისის“ ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ ს.-ს ბინაში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.

ტელეკომპანიის ცნობით, ვადიმ ს. ბერლინში რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა. გერმანული მედია ამტკიცებს, რომ მას ასევე ჰქონდა მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც.

როგორც „ბიბისი“ წერს, ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ.

„ხანგოშვილი ეთნიკურად ჩეჩენი ქისტების თემიდან იყო და საქართველოში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. ის გერმანიაში 2015 წელს, თბილისში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, გაემგზავრა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

„ბიბისისთან“ საუბარში ზელიმხან ხანგოშვილის ადვოკატი ყვება, რომ თბილისში მისი დაცვის ქვეშ მყოფს რვაჯერ ესროლეს, თუმცა ის საავადმყოფოში მაინც მივიდა.

„ზელიმხანი ამბობდა, რომ მასზე თავდასხმა ჩეჩნეთის ომში მის მონაწილეობასთან იყო დაკავშირებული. ის ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ახლო მოკავშირე და საველე მეთაური იყო“, – აცხადებს ადვოკატი თამთა მიქელაძე.

„ბიბისი“ ასევე წერს, რომ ხანგოშვილი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუამავალი იყო.