„ბიბისი“ - „უოტფორდი“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერში დიდ თანხას მიიღებს, მაგრამ იანვარში არ გაუშვებს #1TVSPORT
„უოტფორდი“ იანვარში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შეინარჩუნებას იმედოვნებს“, – ამ სათაურით წერილს „ბიბისი“ აქვეყნებს, სადაც მიმდინარე სეზონში კლუბის გამოსვლაა გაანალიზებული და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.
„გასული იანვრის სატრანსფერო „ფანჯარა“ „უოტფორდისთვის მშვიდი იყო, თუმცა მათ დიდი საქმე გააკეთეს, როდესაც იჯარით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი საბოლოოდ გამოისყიდეს – ეს კლუბისთვის ძალიან მომგებიანი ნაბიჯი გამოდგა.
ჩაკვეტაძე საოცარი მოთამაშეა და „უოტფორდის“ საპრიზო აქტივი გახლავთ. რამდენიმე კლუბი ქართველ ფეხბურთელს თვალყურს ადევნებს, და საბოლოოდ, „უოტფორდი“ მასში დიდ თანხას მიიღებს. მეორეს მხრივ, გუნდი, ტრადიციულად, თავის ვარსკვლავებს იანვარში არ ყიდის. ასე რომ, სავარაუდოდ, ჩაკვეტაძის ტრანსფერი ზაფხულშია მოსალოდნელი.
სეზონში წარმატებულ დასრულებაში სატრანსფერო „ფანჯრის“ სწორად დაგეგმვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. თუ „უოტფორდი“ ჩაკვეტაძეს შეინარჩუნებს და დამატებით სამი-ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდება, მაშინ გუნდს პლეი ოფში გასვლის უფრო რეალური შანსი ექნება.
„ჰორნეტსი“ („უოტფორდის“ ზედმეტსახელია) ამჟამად მზადაა ტოპ 10-ში მოხვედრისთვის. იანვრის წარმატებული ტრანსფერები კი გაზრდის შანსებს, რომ სეზონი საუკეთესო ექვსეულში დაასრულოს“, – ვკითხულობთ წერილში.