„ბიბისი“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული დონალდ ტუსკის პარტია დიდი ალბათობით ფართო კოალიციის შექმნას და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს
„ბიბისი“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული დონალდ ტუსკის პარტია დიდი ალბათობით ფართო კოალიციის შექმნას და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. როგორც პოლონური მედია იუწყება, ამ დროისთვის ხმათა 99,46 პროცენტია დათვლილი.

შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას „კანონი და სამართალი“ 35.65 პროცენტი აქვს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ 30.47 პროცენტი, პარტია „მესამე გზას“ 14.43 პროცენტი, ხოლო „მემარცხენეებს“ 8.55 პროცენტი.

როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტუსკი, რომლის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ ხმების 30,47 პროცენტი აქვს, დიდი ალბათობით შეძლებს ფართო კოალიციის შექმნას, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებთან ერთად. ეს კი ნიშნავს, რომ პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობა სავარაუდოდ მათ ექნებათ.

მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ 231 დეპუტატი სჭირდება.