„ბიბისი“ - კვლევის თანახმად, ახალგაზრდები, ხანდაზმულებთან შედარებით, ოთხჯერ უფრო ხშირად უყურებენ ტელეგადაცემებს სუბტიტრებით
„ბიბისი“ - კვლევის თანახმად, ახალგაზრდები, ხანდაზმულებთან შედარებით, ოთხჯერ უფრო ხშირად უყურებენ ტელეგადაცემებს სუბტიტრებით

ახალგაზრდები ხანდაზმულებთან შედარებით ოთხჯერ უფრო ხშირად უყურებენ ტელეგადაცემებს სუბტიტრებით იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად განიცდიან სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შესაბამისი კვლევის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კვლევა საქველმოქმედო ორგანიზაცია Stagetext-მა ჩაატარა, რომელიც სუბტიტრებს ამზადებს სხვადასხვა ღონისძიებისთვის, როგორიცაა თეატრალური წარმოდგენები და გადაცემები.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 18-დან 25 წლამდე ასაკის ყოველი ხუთი მაყურებლიდან ოთხი მუდმივად ან ნაწილობრივ იყენებს სუბტიტრებს. ხოლო 56-დან 75 წლამდე ასაკის გამოკითხულებიდან ამას მეოთხედზე ნაკლები აკეთებს. ამასთან, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან სმენასთან დაკავშირებული პრობლემებს.

თავდაპირველად სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად შექმნილი სუბტიტრები დღეს ბევრისთვის გადაცემების ყურებისას შეუცვლელი დამხმარე გახდა, განსაკუთრებით, როდესაც მათი ყურადღების მოპყრობას სხვა მოწყობილობები ან ყურადღების გადამტანი ფაქტორები ცდილობენ. მრავალი ადამიანი სუბტიტრებიანი ვიდეოს ყურებას სოციალურ ქსელებში მიეჩვია.

„ვფიქრობ, ახალგაზრდებში სუბტიტრები ბევრად მისაღებია, რადგან ეს არის ნორმა, მაშინ, როდესაც უფროსებში ეს აუცილებლად ნორმა არ არის“, – განაცხადა Stagetext-ის აღმსრულებელმა ხელმძღვანელმა, მელანი შარპმა.

მისი თქმით, უფროსი ასაკის ადამიანები მიიჩნევენ, რომ სუბტიტრები უფრო მეტ კონცენტრაციას ითხოვს უცხოენოვანი გადაცემების ყურებისას.

„ვფიქრობ, ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრად მეტი ინფორმაციის სწრაფად მიღება, რადგან ისინი ამას მიჩვეულები არიან“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კვლევის თანახმად, საშუალოდ 31 პროცენტით მეტი ადამიანი დაესწრებოდა ცოცხალ წარმოდგენებსა და ღონისძიებებს, თუკი ღონისძიების ჩატარების ადგილი უზრუნველყოფილი იქნებოდა ეკრანითა და სუბტიტრებით. 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებში ეს მაჩვენებელი 45 პროცენტს შეადგენს, 56 წელს გადაცილებულ პირებში კი 16 პროცენტს.