ბესო აბაშიძე - ფიფა-ს ტრიბუნალმა „ულსანს“ გიორგი არაბიძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მაგრამა არა 2,9 მილიონი დოლარი #1TVSPORT
ბესო აბაშიძე - ფიფა-ს ტრიბუნალმა „ულსანს“ გიორგი არაბიძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მაგრამა არა 2,9 მილიონი დოლარი #1TVSPORT

ფიფა-ში სამხრეთ კორეულ „ულსანთან“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის მოგებულ სამართლებრივ დავაზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი იურისტმა, ბესო აბაშიძემ გააკეთა.

„ჯერ ვიტყვი, რომ სამხრეთ კორეული გამოცემა „სეული სპორტის“ გავრცელებული ვერსიით, „ულსანმა“ გიორგის კონტრაქტი თავად გაუწყვიტა. ამ დროს, საქმე სხვაგვარადაა – არაბიძემ კლუბთან ხელშეკრულება ცალმხრივად თავად გაწყვიტა, რაც მნიშვნელოვანია.

ფიფა-ს ტრიბუნალმა გუნდს ფეხბურთელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მაგრამ ბევრად ნაკლები იმ 2,9 მილიონი დოლარზე, რაზეც სამხრეთკორეული გამოცემა წერდა. საქმეში გამოიყენეს ფიფა-ს დავების გადაწყვეტის შესახებ კანონის 14.2 მუხლი, რომელიც იშვიათად გამოიყენება და კონტრაქტის საპატიო მიზეზით შეწყვეტის შემთხვევებში, იცვლება დებულება.

ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მოთამაშეს კონტრაქტის შესაწყვეტად საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. ის მოკვეთილი იყო გუნდური ვარჯიშიდან, მატჩებიდან, აკრძალული ჰქონდა მედიასთან ურთიერთობა. ჩამოერთვა 9-ნომრიანი მაისური, კლუბი კი აიძულებდა მოთამაშეს, აეღო ანაზღაურების გარეშე შვებულება.

საბოლოო გადაწყვეტილებით, ფიფა-მ ჩვენი სარჩელი სანდოდ ცნო და დააკმაყოფილა, ხოლო „ულსანის“ საპასუხო სარჩელი არ გაითვალისწინა, რადგან ფეხბურთში ძალაუფლება უნდა განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების პატივისცემის, კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში“, – ამბობს ბესო აბაშიძე.