ბერლინში მემარჯვენე პოპულისტების წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა
ბერლინში მემარჯვენე პოპულისტების წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა

ბერლინში მემარჯვენე პოპულისტების („ალტერნატივა გერმანიისთვის“) წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. ბუნდესტაგის წინ 20 000 ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრაციის ორგანიზატორი ალიანსი „შეაჩერეთ სიძულვილი – შეაჩერეთ ალტერნატივა გერმანიისთვის“ იყო. აქციას მხარი დაუჭირეს მემარცხენეებმა და „მწვანეთა“ პარტიამაც.

თავის მხრივ, მემარჯვენე პოპულისტებმა გერმანიის დედაქალაქში კონტრაქცია გამართეს. პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრალური სადგურის რაიონში გამართულ აქციას 5 000-მდე ადამიანი დაესწრო.

მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხისტი საიმიგრაციო შეხედულებებით არის ცნობილი. ისინი ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. 2017 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 13 პროცენტის მოგროვება მოახერხა და 709-მანდატიან ბუნდესტაგში 92 სავარძლის მოპოვების შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გახდა.