ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ დაშალა
ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ დაშალა

ბერლინში კორონავიურსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა. დაკავებულია 300 ადამიანი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, საპასუხოდ კი, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეები არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და არ ეკეთათ პირბადეები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბერლინში გამართულ აქციაზე 38 000 მოქალაქე იმყოფებოდა. წესრიგის დასაცავად მობილიზებული იყო 3 000 პოლიციელი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ასევე პარიზში, ლონდონში, ვენასა და ციურიხში.