ბერლინის პოლიციის ცნობით,​ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა რაიხსტაგში შეღწევა სცადეს
ბერლინის პოლიციის ცნობით,​ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა რაიხსტაგში შეღწევა სცადეს

ბერლინში აქციის დროს რადიკალებმა რაიხსტაგის შტურმით აღება სცადეს. როგორც ბერლინის პოლიციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ისტორიული შენობის კიბეზე ავიდა.

თავად რაიხსტაგში მომიტინგეებმა ვერ შეაღწიეს, რადგან პოლიციელებმა მათი შეჩერება შეძლეს და შემდეგ აიძულეს, უკან დაეხიათ. ამასთან, დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს.

დემონსტრაციაზე ჩანდა რადიკალური მოძრაობა „რაიხსბიურგერების“ დროშა. ეს მოძრაობა გერმანიის სახელმწიფოს არსებობს არ აღიარებს.

ასევე, ცნობილია, რომ მანამდე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობასთანაც.

შედეგად, დააკავეს 300 ადამიანი. ბერლინის პოლიციის ცნობით, აქციებში 38 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.

დატოვე კომენტარი