ბერიძემ და არაბულმა გოლები გაიტანეს - კიტეიშვილმა „შტურმს“ უკაპიტნა [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმა“ „ლასკს“ უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.

კიტეიშვილმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და 77 წუთი ითამაშა. შეხვედრის ბედი მე-20 წუთზე პრასის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ლიდერმა „ზალცბურგმა“ ვენის „რაპიდი“ ვერ დაამარცხა და მართალია, 32 ქულით მაინც ლიდერობს, მაგრამ „შტურმმა“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.

თურქეთის ჩემპიონატში კი გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი „ქორუმთან” გაიტანა, რომელიც ქართველების კლუბის, „ქოჯაელისფორის“ კონკურენტია და გუნდს ქულა მოუტანა. ბერიძემ 62-ე წუთიდან ითამაშა, გიორგი ხარაიშვილი და დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყვნენ.

ბაჩანა არაბული გახდა მატჩის გმირი სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში, სადაც „ჩეონამ სიტისთან“ გასვლით შეხვედრაში „გიონგნამმა” ქულა მოიპოვა 2:2. ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თავად გაიტანა (პირველად ახალ გუნდში). მისი თანაგუნდელი, ზურაბ მუსელიანი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.