ბერიაშვილმა „როტორში“ პირველად გაიტანა - ქართველმა მცველმა ვოლგოგრადელები მარცხისგან იხსნა #1TVSPORT
ბერიაშვილმა „როტორში“ პირველად გაიტანა - ქართველმა მცველმა ვოლგოგრადელები მარცხისგან იხსნა #1TVSPORT

ილია ბერიაშვილმა ვოლგოგრადის „როტორში“ სადებიუტო გოლი გაიტანა – ეს რუსეთის პირველი ლიგის მეორე ტურში მოხდა, სადაც გუნდი „ოლიმპი-დოლგოპრუდნის“ დაუპირისპირდა.

ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ილია ბერიაშვილი და ბექა ქავთარაძე, რომლებმაც შეუცვლელად ითამაშეს. ნიკა ყიფიანი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა და რატომღაც, 71-ე წუთზე თავად ითხოვა შეცვლა, რადგან ტრავმა გაუმიზეზდა. „როტორის“ სამატჩო განაცხადში მეოთხე ქართველი, გიორგი მახათაძეც იყო, მაგრამ არ უთამაშია. სტუმართა რიგებში იყო თავდამსხმელი ირაკლი ჭეჟია, რომელიც მოედანზე არ გამოჩენილა.

ვოლგოგრად არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა სწრაფად გახსნეს. მე-8 წუთზე „როტორის“ კარი ვოლგოგრადელთა ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსანდრე კოროტაევმა აიღო. მე-17 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიშის გათანაბრებას ბექა ქავთარაძე ცდილობდა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

როტორმა“ წონასწორობის აღდგენა რეგულარული დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოახერხა. მარცხენა ფლანგიდან შეტევა კამილ მულინმა განავითარა და ქართველი მცველი საჯარიმოს ხაზთან მოძებნა, რომელმაც ძლიერი დარტყმით „ცხრიანი“ შეარხია და გუნდი დამარცხებისგან იხსნა.

2 ტურის შემდეგ „როტორი“ 2 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. სეზონში პირველი გოლი კი ბერიაშვილის ანგარიშზეა. შემდეგ მატჩს ვოლგოგრადელები 24 ივლისს კვლავ სახლში გამართავენ და „სკა-ხაბაროვსკს“ უმასპინძლებენ.