ბერიაშვილის „მეზოკოვეშდმა“ მოიგო, ქართული სამეულის „სლოვანი“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT
ბერიაშვილის „მეზოკოვეშდმა“ მოიგო, ქართული სამეულის „სლოვანი“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT

ევროპაში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. უნგრეთში ილია ბერიაშვილის „მეზოკოვეშდი“ „პაკშს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველი მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

53-ე წუთზე ანგარიში ბაბუნსკიმ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე „პაკშის“ კარი მეორედ მოლნარმა აიღო. „მეზოკოვეშდი“ 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-6 ადგილზეა და ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

ბრატისლავისსლოვანმა“ კი მოულოდნელად ქულები დაკარგა – საკუთარ მოედანზე „ბანსკა ბისტრიცასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. სლოვაკეთის „ფორტუნა ლიგის“ მე-20 ტურში ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე დააყენა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე ჩაკვეტაძის ნაცვლად ჯაბა კანკავა შეიყვანა.

ბანსკა ბისტრიცამ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ბრატისლაველებმა მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორეს – უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა 75-ე წუთზე პენალტით სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე გრინმა ანგარიში გაათანაბრა, გუნდს ქულა გადაურჩინა და ლიდერობა შეუნარჩუნა – 20 ტურის შემდეგ „სლოვანი“ (43 ქულა) მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედას“ (42) მინიმალური სხვაობით უსწრებს.