ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი თურქულ „გაზიანთეპში“ ითამაშებს #1TVSPORT

07:40, 26.07.2026

საქართველოს ნაკრებისა და პაოკ-ის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგის „გაზიანთეპში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ბერძნულ კლუბთან დაახლოებული ვებგვერდი paok24.com-ი ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ლუკა გუგეშაშვილი კვლავ ემზადება სალონიკის დასატოვებლად და კარიერაში ახალ ეტაპს დაიწყებს. ბოლო დღეებში სხვადასხვა კლუბი ქართველი მეკარის ტრანსფერის გამოსყიდვას ცდილობდა, მაგრამ პაოკ-მა ყველა შეთავაზება უარყო.

ახლა კი ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გუგეშაშვილი თურქეთში გადასვლასთან ახლოსაა. „გაზიანთეპი“ კიდევ ერთი გუნდია, რომელმაც ქართველის მიმართ ინტერესი გამოხატა. თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, გუგეშაშვილი თურქულ კლუბში იჯარით ითამაშებს.

შეთანხმება გამოსყიდვის უფლების მქონე საიჯარო ხელშეკრულებას გულისხმობს. კონტრაქტში მითითებულია ტრანსფერის გამოსასყიდი თანხაც – 1.2 მილიონი ევრო, თუმცა ეს არ არის სავალდებულო და პირობითი ხასიათისაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ხანია, ნათელია, რომ ქართველის ადგილი პაოკ-ში აღარ არის და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მისი შემდეგი ნაბიჯი თურქეთი იქნება“, – წერს ბერძნული ინტერნეტპორტალი.

გასულ სეზონში 27 წლის ქართველმა მეკარემ პაოკ-ის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით „ატრომიტოსში“ გაატარა.

მსგავსი