ბერძნული კლუბი „ანორთოსისს“ ნინუასთვის 100 ათასის გადახდას სთხოვს
ბერძნული კლუბი „ანორთოსისს“ ნინუასთვის 100 ათასის გადახდას სთხოვს

სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველს, ნიკა ნინუას „ანორთოსისში“ გადასვლას ერთი ნაბიჯი აშორებს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „ლარნაკა სპორტი“ ავრცელებს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ევგენიოს ჰამპულასი ტელეფონით დაუკავშირდა სალონიკის „პაოკის“ სპორტულ დირექტორს, ოლაფ რებეს. როგორც ჩანს, მათ საერთო ენა გამონახეს და კლუბებს შორის ქართველი ნახევარმცველის საიჯარო ხელმოწერა მალე გაფორმდება“, – წერს „ლარნაკა სპორტი“.

გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი თემურ ქეცბაიას გუნდთან ხელშეკრულებას ექვსი თვით გააფორმებს:

„მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, საქმე მალე დადებით გადაწყვეტილებაში აისახება და ქეცბაიას სურვილი, შეიძინოს 21 წლის ქართველი, ასრულდება“.

ლარნაკა სპორტი“ სხვა მნიშვნელოვან დეტალსაც ასაჯაროებს:

„ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას ესაუბრა და სურს, რომ „ანორთოსისში“ გადავიდეს. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ საბოლოო შეთანხმებას მალე მიაღწევენ თუ ბოლო წუთს რამე არ შეიცვალა“.

კვიპროსული ინტერნეტ-გამოცემა Goal.philenews.com კი იუწყება, რომ სალონიკის პაოკ-ი მოითხოვს, ფამაგუსტელებმა ნინუას 100,000 ევრო გადაუხადონ.

„ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი დასრულდება მას შემდეგ, როდესაც მხარეები ნინუას ხელფასის გადახდაზე შეუთანხმდებიან. სალონიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქართველის წლიური ხელფასი 200 000 ევროა. სეზონის დასრულებამდე დარჩენილი ხუთი თვის განმავლობაში (იანვარი-მაისი) ქართველისთვის გადასახელი 100,000 ევროა. ცნობილია ისიც, რომ პაოკი იჯარაში კომპენსაციას არ მიიღებს”, – იუწყება Goal.philenews.com.