ბერძნული გამოცემა ლორიას სკანდალზე - უეფა საეჭვო ფსონებს არ ადასტურებს
ბერძნული გამოცემა ლორიას სკანდალზე - უეფა საეჭვო ფსონებს არ ადასტურებს

კვიპროსზე აბსურდულს უწოდებენ იქაური ფეხბურთის ასოციაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეას პაპახარალამბუსის ბრალდებას, თითქოს, „ანორთოსისის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ „აპოლონთან“ შეხვედრისას პენალტის დროს მოწინააღმდეგეს დარტყმის მიმართულება მიუთითა, რათა მას გაეტანა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის (სტუმრებმა 3:1 მოიგეს) 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას მეკარე გიორგი ლორია ცდილობდა, დარტყმის მიმართულების მითითებით „აპოლონის“ თავდამსხმელი ჩარლისონ ბენშოპი დაებნია, მაგრამ ამ მიმიკის გამო ეჭვები გამოიწვია.

„მომხდართან დაკავშირებით, კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიულმა კავშირმა დახმარებისთვის უეფას მიმართა, რათა შესაბამისი ანგარიში მიეღო – მატჩის მსვლელობისას საეჭვო ფსონები თუ დაფიქსირდა. უეფადან მსგავსი ინფორმაციები არ მიუღიათ,“ – წერს საიტი „კონტრა“.

გამოცემა ამტკიცებს, რომ საეჭვო ფსონების მიღებას კვიპროსის ფსონების ეროვნული სააგენტოც უარყოფს: „ამ მატჩთან გაკეთებული განცხადებები, თითქოს, ფსონები საეჭვო იყო ან მოულოდნელად გაიზარდა, უსაფუძვლოა. კვიპროსის ფსონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო კვირას ჩემპიონატში მსგავსი რამ არ მომხდარა. თხოვნა არც ქვეყნის შესაბამისი სამსახურებიდან მიუღიათ“.

დატოვე კომენტარი