ბერძნული დერბი „ოლიპიაკოსმა“ მოიგო - „ბასკონია“ სტამბოლში დამარცხდა
ბერძნული დერბი „ოლიპიაკოსმა“ მოიგო - „ბასკონია“ სტამბოლში დამარცხდა

საკალათბურთო „ევროლიგის“ რეგულარული სეზონის მეორე წრე, მე-16 ტურის მატჩებით განახლდა. პირეოსში, „ოლიმპიაკოსმა“ ისტორიულ და მთავარ მეტოქეს „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 79-65 დაამარცხა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და კომფორტული სხვაობა შეხვედრის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან. „ოლის“ შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ნიკოლა მილუტინოვმა. სერბმა ცენტრმა 18 ქულა და 18 მოხსნა გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41 შეადგინა, რაც მთლიანად ტურში საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე 18 ქულა მოიპოვა ლატვიელმა იანის სტრელნიეკსმა. „ოლიმპიაკოსი“ საუკეთესო ხუთეულში იმყოფება. რაც შეეხება „პაოს“ – ათენელებს ვერც მთავარი მწვრთნელის, ხავიერ პასკუალეს გაშვებამ უშველა და ევროპული კალათბურთის გრანდი მხოლოდ მე-11 პოზიციაზეა.

მეცხრე მატჩი წააგო „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელიას გარეშე დარჩენილმა გუნდმა ამჯერად „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ, სტამბოლში განიცადა მარცხი. შეგახსენებთ, რომ ბასკების ქართველმა კაპიტანმა, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა, სტამბოლელებს 10 ქულა ჩაუგდო. მაღალ შედეგიანი თამაში „ფენერის“ გამარჯვებით, 96-87 დასრულდა. მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა. იტალიელმა ფორვარდმა 19 ქულა ჩაიწერა აქტივში. ჟელიკო ობრადოვიჩის გუნდი 15 მოგებით და მხოლოდ ერთი მარცხით, რეგულარულის დამაჯერებელი ლიდერია. „ბასკონია“ მეათე პოზიციაზე იმყოფება.

 

ჟალგირისი-ცსკა 79-84
ბარსელონა-დარუშაფაკა 97-65