ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა | მინსკი 2019
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა | მინსკი 2019

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა. მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ, როგორც ორთაბრძოლისა და უძლიერესის გამოვლენის ერთ-ერთ მეთოდს, ზევსიდან დაწყებული, აბრაამ ლინკოლნით დამთავრებული. ჭიდაობის სცენები გვხვდება კლდის მხატვრობაში, ეგვიპტისა და ერაყის გამოქვაბულების კედლებზე. ეს ნახატები ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლის წინანდელია. ჭიდაობა პოპულარული იყო ძველ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. ანტიკურ საბერძნეთში კი ის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეობა გახლდათ. დღეს ჭიდაობა იყოფა ორ სახეობად: თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობად.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა (კლასიკური ჭიდაობა) ორთაბრძოლის ევროპული სახეობაა, რომლის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას, ხელებით ფეხების დაჭერას და ა.შ.). სპორტსმენის მიზანია, მეტოქის წაქცევა ან ხალიჩიდან გაყვანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის სამშობლოდ ძველი საბერძნეთი ითვლება, განვითარება კი მან რომის იმპერიაში ჰპოვა. თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბდა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კლასიკური ჭიდაობა 1896 წელს შეიტანეს. ამ სპორტით მხოლოდ მამაკაცები არიან დაკავებულნი. მეორე ევროპულ თამაშებზე მედლების ექვსი კომპლექტისთვის 96 მოჭიდავე იბრძოლებს. მათგან ექვსი ქართველია. ორთაბრძოლები მინსკის სპორტის სასახლეში 28, 29 და 30 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

ჩხარტიშვილი დავითი – 60 კგ.

ბოლქვაძე შმაგი – 67 კგ.

ბოლქვაძე გელა – 77 კგ.

კობლიაშვილი რობერტი – 87კგ.

ნადარეიშვილი რევაზი – 97 კგ.

ქაჯაია იაკობი – 130 კგ.