ბექაურმა და მატიაშვილმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოდის. ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა 90კგ-ში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა, რომელმაც ფრანგი ალექსის მატიე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ახალგაზდა ქართველი მეორე შეხვედრას ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოჩმანთან გამართავს.

ასევე წარმატებით იჭიდავა პირველ დაპირისპირებაში მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმაც. მან სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკო დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იგი ტურნირის პირველ ნომერს, ჩეხ ლუკას კრპალეკს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.