ბექაური,ზაალიშვილი და თუშიშვილი ბუდაპეშტის მასტერსის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად რვა ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ხუთი მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ). ქართველმა მეორე წრეში ბრიტანელ ჯამალ პიტრეივს იპონით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში უზბეკ მამატრახიმოვს შეხვდება. ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებენ მძიმეწონოსნები – გელა ზაალიშვილი და გურამ თუშიშვილი. ზაალიშვილი – ფინელ უმალაინენს, ხოლო გურამი იაპონელ საიტოს შეხვდება. ილია სულამანიძე კი მეოთხედფინალში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.