ბექა ოდიშარია - ქართულ დიასპორაზე პერმანენტული ზრუნვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის ათპუნქტიანი სამოქმედო პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს
ბექა ოდიშარია - ქართულ დიასპორაზე პერმანენტული ზრუნვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის ათპუნქტიანი სამოქმედო პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს

ძლიერი დიასპორა ნიშნავს, რომ ქვეყანა მყარად და დაცულად გრძნობდეს თავს იმ ტურბულენტურ რეგიონში, სადაც ის დასაბამიდან დღემდე არსებობს და საიდანაც მას ფეხი ვერცერთმა დამპყრობელმა და იმპერიამ ვერ მოაცვლევინა. ეს გზა კი გადის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, პოლიტიკურ, პირად კავშირებზე და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობასა და გამყარებაზე, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ბექა ოდიშარიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე პერმანენტული ზრუნვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის ათპუნქტიანი სამოქმედო პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომაც, უმრავლესობის სახელით, მომეცა უფლება, რომ გამოვსულიყავი თქვენს წინაშე და ეს პუნქტი, რომელიც დიასპორას შეეხება, ასე ჟღერს: „ძლიერი ქართული დიასპორა – ძლიერი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ“. ბატონო მინისტრო, გულწრფელად მივესალმები, რომ თქვენს გუნდთან და ჩვენი გუნდის ერთობლივი საქმიანობის პერიოდში, ჩვენ ნამდვილად ვახერხებთ სწორი მიმართულებით სიარულს, სწორი ტენდენციების და სწორი ტრენდის დამკვიდრებას დიასპორასთან ურთიერთობასთან მიმართებაში. რას ვგულისხმობ სწორ ტრენდში: დიასპორა უნდა იყოს ძლიერი. ეს მთლიანად ლაიტმოტივად გასდევდა თქვენს სქელტანიან წარმოდგენილ ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს და ეს გულისხმობს, რომ დიასპორა უნდა იყოს ძლიერად ჩართული სამშობლოს შიდა სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები პირდაპირ მავნებლობენ, უსინდისოდ მავნებლობენ, ცდილობენ უიმედობის, ნიჰილიზმისა და საკუთარი ქვეყნის მიღწევების მიმართ უპატივცემულობის განცდისა და დამოკიდებულების შექმნას და დამკვიდრებას ჩვენს დიასპორაში. ასე და ამგვარად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოების ერთობლივ მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს არა მხოლოდ პრაქტიკული ზრუნვა დიასპორაზე ადგილსამყოფელ ქვეყნებში, არამედ იმ მავნებლური სტერეოტიპის გადატეხვაც, რომლის დამკვიდრებას სულ ცდილობენ, მუდმივად, პატრიოტიზმის ქურქში გახვეული არაკეთილსინდისიერი ინდივიდები თუ პოლიტიკური ძალები. რას ნიშნავს ძლიერი დიასპორა, რას ნიშნავს ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერები: ეს ნიშნავს ძლიერი ქართული ლობის არსებობას საზღვარგარეთ, ეს ნიშნავს ეკონომიკურად ფეხზე დამდგარ საზოგადოებას, რომელიც ეხმარება საკუთარ ქვეყანას, რომ მან ერთხელ და სამუდამოდ თავი დაიმკვიდროს თავისუფალ,  ცივილიზებულ სამყაროში, დაბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.