ბექა მიქელთაძის გოლი და საგოლე პასი - „ნიუკასლ ჯეტსს“ ქართველმა მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა და მთავარი როლი შეასრულა აუტსაიდერ „მელბურნ ვიქტორისთან“ მოგებაში 2:1.

ავსტრალიის A ლიგის მე-16 ტურის მატჩში 24 წლის მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ბექა დარცმელია კი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

ანგარიში 37-ე წუთზე მიქელთაძემ გახსნა – მან მეტოქის კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ შეასრულა. 51-ე წუთზე ველუპილაიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 7 წუთში ბექამ საჯარიმოს შესრულებისას შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა გროზოსს, რომელმაც სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა და „ნიუკასლ ჯეტსს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა „მაკარტურმა“ გათამაშების ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელ „ველინგტონთან“. ბაჩანა არაბული მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

16 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსმა“ 21 ქულა დააგროვა, „მაკარტურს“ და „ველინგტონს“ დაეწია და მათთან ერთად მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს.