ბექა მიქელთაძე ყაზანში გაუმგზავრა - ტყუილია, რომ თითქოს, „რუბინში“ დიდი ხელფასები დაგვინიშნეს
ბექა მიქელთაძე ყაზანში გაუმგზავრა - ტყუილია, რომ თითქოს, „რუბინში“ დიდი ხელფასები დაგვინიშნეს

„სავიზო საკითხები გადაწყდა და დღეს მოსკოვში მივემგზავრები, საიდანაც ყაზანში ჩავფრინდები“ – ეს საქართველოს პირველ არხთან ბექა მიქელთაძემ განაცხადა.

22 წლის ფეხბურთელი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს – მან ყაზანის „რუბინთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა რუსულ მედიაში გავრცელებული ხმები უარყო, რომლის თანახმადაც რუსეთში ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ.

„პირობებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ის ხმები, თითქოს ჩვენს ტრანსფერში მამუკა ჯუღელმა მილიონები გააკეთა, ძალიან გაზვიადებულია. ცხადია, საქართველოსთან შედარებით რუსულ კლუბში ბევრად უკეთესი პირობებია. მაგრამ ზღაპრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. უბრალოდ, კონტრაქტში წერია, რომ გუნდში ადგილის დამკვიდრების შემთხვევაში ჩვენი პირობები გაუმჯობესდება“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ყაზანის „რუბინის“ ქართველი ახალწვეული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავში“ ნათამაშები ბექა მიქელთაძე ბოლოს ფამაგუსტის „ანორთოსისში“ გამოდიოდა, რომელიც მაისში დატოვა.