ბექა მიქელთაძე - ჯერ არ ვიცი, „როტორში“ დავრჩები თუ „რუბინში“ დავბრუნდები
ბექა მიქელთაძე - ჯერ არ ვიცი, „როტორში“ დავრჩები თუ „რუბინში“ დავბრუნდები

„ჯერ არ ვიცი, ვოლგოგრადის „როტორში“ დავრჩები თუ ყაზანის „რუბინში“ დავბრუნდები. ახალი სეოზნის დაწყებამდე ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „როტორის“ თავდამსმხელი ბექა მიქელთაძე.

ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ახალ სეზონს რუსეთის პრემიერლიგაში დაიწყებს – გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომმა მიიღო. პრემიერლიგიდან ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (პირველი ლიგა) მე-15 და მე-16 ადგილზე გასული გუნდები დაქვეითდებიან. მათ ადგილებს კი პირველ ლიგაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ვოლგოგრადის „როტორი“ და „ხიმკი“ დაიკავებენ.

ვოლგოგრადის „როტორმა“ ზამთარში ყაზანის „რუბინიდან“ იჯარით 22 წლის ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნიკა ყიფიანი დაიმატა. ვოლგოგრადულ კლუბში თავდამსხმელი ანზორ სანაიაც თამაშობს.

საქართველოს პირველ არხთან მიქელთაძემ იმ პირობებზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც გუნდში დარჩენაზე გადაწყვეტილებას მიიღებს: „გუნდი პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ეს პატარა ამბავი არა და ჩემი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერლიგა უფრო მაღალი დონეა და კარგია, რომ თამაში მომიწევს. „როტორს“ ჩემი და ნიკა ყიფიანის დატოვება სურს. მაგრამ ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა, ეს გუნდის და ჩემი აგენტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, აქ დავრჩე, ან „რუბინში“ დავბრუნდე. მთავარია, თავის გამოჩენის შანსი სად მექნება,“ – ამბობს ბექა მიქელთაძე.