ბექა მიქელთაძე - ავსტრალიურ ფეხბურთში უკეთესი დონე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე - ავსტრალიურ ფეხბურთში უკეთესი დონე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ბექა მიქელთაძე, რომელიც ავსტრალიაში გადავიდა და „ნიუკასლ ჯეტსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ გუნდს შეუერთდა.

24 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველი არხთან განაცხადა, რომ კლუბში კარგად დახვდნენ.

„ავსტრალიაში უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. „ნიუკასლ ჯეტსში“ პერსონალმაც და ფეხბურთელებმაც კარგად მიმიღეს, გამიხარდა – განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია, ძალიან ყურადღებიანები არიან. წამოსვლისას რაღაც წარმოდგენები და იმედები მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე კარგი აღმოჩნდა სინამდვილეში, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბექა მიქელთაძემ.

24 წლის თავდამსხმელი ავსტრალიაში საფეხბურთო დონით და სავარჯიშო პირობებით გაოცებულია:

„ახლა ჩემპიონატის დონეს ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც ვარჯიშებსა და საკონტროლო შეხვედრებზე ვნახე, კარგი დონეა. პირობები ისეთია, როგორიც მაღალი დონის ქვეყანას შეეფერება. უკეთესი დონე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ფეხბურთელები ფიზიკურად მომზადებულები არიან, ტექნიკაშიც არ მოიკოჭლებენ და მიხარია, რომ ასეთ გარემოში ვითამაშებ. მთავარია, რომ „ნიუკასლ ჯეტსმა“ ლეგიონერები დაიმატა და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძე თამაშობდა „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „ანორთოსისში“, „რუსთავში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ბოლოს კი საბერძნეთის „ქსანტიში“.