ბექა გორგაძე - ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ამისათვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება #1TVSPORT
ბექა გორგაძე - ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ამისათვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება #1TVSPORT

ფრანგული ტოპ 14-ის „პოს“ ქართველმა კაპიტანმა, ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ემზადება.

27 წლის მორაგბე, ვისაც საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული (11 ლელო), შეკრებაზე თებერვალში, ნიდერლანდებთან თამაშის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა და რეაბილიტაციას გადიოდა. ახლა კი ბექა გუნდთან ერთად პორტუგალიაშია და ფინალური მატჩისთვის ემზადება.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრავმების გამო რამდენიმე თამაში გამიცდა როგორც ტოპ 14-ში, ასევე საქართველოს ნაკრებში. რეაბილიტაცია კარგად გავიარე და ვცდილობ, ფინალს საუკეთესო ფორმაში შევხვდე.

ჩვენი მიზანი იყო და არის ყველა თამაშის მოგება და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ამისათვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება, თანაც პორტუგალია პრინციპული მეტოქეა. ის, რომ ფინალი მე-100 გამარჯვებას დაემთხვევა, მხოლოდ დამატებითი მოტივაცია და სასიხარულო ფაქტია“, – ამბობს ბექა გორგაძე.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება. ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.