ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემი წარმატებულად დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. მედლების მოსაპოვებლად ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოდის, რომელთაგან ოთხმა პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს.

90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი სერბ მიჰაილო ჩირიჩს შეხვდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. ამ წონაში გამომსვლელ მეორე ქართველს ნიკა ხარაზიშვილს დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ რობერტ ფლორენტინოსთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მოწინააღმდეგე შეჯიბრს ჩაეხსნა და ქართველი შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა სერბი ბოიან დოსენი შებოჭვით, ხოლო ონისე სანებლიძემ პოლონელი ოლეკსი ლისენკო მტკივნეული ილეთით დაამარცხა. მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა კი გერმანელ ერიკ აბრამოვს შებოჭვით სძლია.

შეჯიბრს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშნენ მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

წინასწარი შეხვედრები 13:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.