ბექა ღვინიაშვილი ფინალშია (ვიდეო)

ქართველი ფალავანი ბექა ღვინიაშვილი, პარიზის დიდი მუზარადის ფინალში ისე გავიდა. რომ ოთხი მეტოქიდან არც ერთს მასთან ქულაც არ აუღია.

ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალამდე სამივე მეტოქე იპონით დაამარცხა და გულშემატკივარი, რომელიც მას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბლომად ჰყავს, არც ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლის დროს გააწბილა. იაპონელ -კენტა ნაგასავას, მან ჯერ ვაზარი აუღო, საფინალო სირენამდე წუთი და ათი წამით ადრე კი ბეჭებზეც გააკრა და მორიგი ვადამდელი გამარჯვებაც მოიპოვა.

ოქროს მედლისთვის ღვინიაშვილი კიდევ ერთ იაპონელს -შოიჩირო მუკაის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი პარიზის „ბერსი არანაში“ 20:00-იდან დაიწყება.

შეგახსნებთ, რომ ამავე წონაში უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი, რომელიც ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.