ბექა ბურჯანაძის 11 ქულა და 10 მოხსნა 20 წუთში
ბექა ბურჯანაძის 11 ქულა და 10 მოხსნა 20 წუთში

„გრან კანარია“ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „სარაგოსას“ ესტუმრა. არაგონელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ 88:71 დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი ბურჯანაძის თანაგუნდელებმა 20:14 მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, რაც დიდწილად ბექას დამსახურება გახლდათ. მან მეორე პერიოდის ბოლოს სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ საკუთარ ფარზე მოხსნა და გრძელი პასით თანაგუნდელ ბეირანს ორქულიანი ჩააგდებინა – 43:31 „გრან კანარიას“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი კანარელთა მწვრთნელმა ბურჯანაძის გარეშე დაიწყო. ცხადია, ერთი კალათბურთელი ვერ იქნება მიზეზი, მაგრამ ბექას არყოფნაში „სარაგოსამ“ მნიშვნელოვანი გაქცევა მოახერხა, საერთოდ კი, მესამე პერიოდი 30:14 მოიგო, რის შემდეგაც „გრან კანარიამ“ თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

ბურჯანაძემ 20 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის გუნდში ყველაზე მეტი, 13 ქულა იტალიელ ამადეო დელა ვალეს ჰქონდა. “სარაგოსას” გამარჯვებაში კი 22 ქულიანი წვლილი შეიტანა ამერიკელმა ლეგიონერმა ენისმა.

„გრან კანარიას“ უახლოესი მატჩი ევროთასზე 30 სექტემბერს ელის. მისი მეტოქე ბერძნული „პრომითეასი“ იქნება. შეხვედრა ელადაზე გაიმართება. რაც შეეხება „სარაგოსას“, არაგონელები 1 ოქტომბერს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ შეხვდებიან.