ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო [ვიდეო]
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო [ვიდეო]

ბულგარეთში მიმდინარე „დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის“ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს პირველი და ერთადერთი ოქროს მედალი ბექა ბუჯიაშვილმა მოუტანა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა, ფინალი გუშინ გაინაღდა, როცა ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და გზად ბელორუსი, უკრაინელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა. დღეს კი გადამწყვეტ შეხვედრაში თურქეთის ნაკრების წევრს, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორს, სულეიმან ატლის 4:1 მოუგო და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

დღესვე ტურნირზე ფიანლისტები ბოლო სამ წონით კატეგორიაშიც გაირკვნენ, რომელთა შორისაც სამწუხაროდ ქართველი სპორტსმენები ვერ მოხვდნენ.

97 კილოგრამში ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალამდე მივიდა ზვიად მეტრეველი, სადაც უკრაინელ ვალერი ანდრიცევთან დამარცხდა. საბოლოოდ უკრაინელი ფინალში გავიდა და ზვიადსაც რეპეშაჟის გზით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მისცა.

1/16 ფინალში დაასრულა ასპარეზობა სანდრო ამინაშვილმა, რომელმაც ვადამდე რუსეთის ნაკრების წევრთან, რუსლან აბდულაევთან წააგო.

რაც შეეხება მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილს, იგი ნახევარფინალამდე მივიდა სადაც უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის უნდა შეხვედროდა, თუმცა ხელის მცირე ტრავმის გამო ასპარეზობაზე უარი განაცხადა და ფინალშიც შესაბმისად უკრაინელი სპორტსმენი გავიდა. ტურნირზე ხვალინდელ დილის პროგრამაში, დამამშვიდებელ რაუნდში გენო პეტრიაშვილის გვარიც იკითხება, თუმცა იჭიდავებს თუ არა ტიტულოვანი ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბუჯიაშვილამდე ბულგარეთში მედლების აღება კიდევ ორმა ქართველმა შეძლო. ირაკლი მწითური (92 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ნიკა კენჭაძეს ( 79 კგ.) კი ბრინჯაო ერგო.