ბენზემამ დი სტეფანოს სახელობის პრემია მიიღო
ბენზემამ დი სტეფანოს სახელობის პრემია მიიღო

„სამეფო კლუბის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრემია დაიმსახურა, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა.

ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, „მარკამ“ დაარსა და უკვე მრავალი წელია, რაც ესპანეთის ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს გადაეცემათ.

დი სტეფანოს სახელობის წლევანდელი პრემია გამორჩეული იყო იმით, რომ მესისა და რონალდოს ჰეგემონიის შემდეგ ჯილდო სხვა ფეხბურთელს გადაეცა.

2019/20 წლების სეზონში ქარიმ ბენზემამ 21 გოლი გაიტანა და მადრიდელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, – განაცხადა ქარიმ ბენზემამ. – ამაყი ვარ და ძალიან მიხარია, რომ პრემიის ღირსი გავხდი.

ეს არ არის მხოლოდ გასული წლის დამსახურების შედეგი, არამედ იმ შრომის ნაყოფი, რომელსაც „რეალში“ 2009 წლიდან ვეწევი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“.