ბენზემა „რეალში“ ვარჯიშობს - ფრანგი ფეხბურთელი ნაკრებში ფინალზე დაბრუნებას არ აპირებს #1TVSPORT
ბენზემა „რეალში“ ვარჯიშობს - ფრანგი ფეხბურთელი ნაკრებში ფინალზე დაბრუნებას არ აპირებს #1TVSPORT

ქარიმ ბენზემა, როგორც ჩანს, არ აპირებს დიდიე დეშამის კომენტარების შემდეგ კატარში გამგზავრებას, სადაც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდება. ეს გადაწყვეტილება თავად ბენზემამ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალმა“ მას გამგზავრების ნებართვა მისცა.

მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ცენტრფორვარდმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ტრავმა მოირჩინა და სამეფო კლუბთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს. კლუბმა მას გამგზავრების ნებართვა მისცა იმ შემთხვევაში, თუ მას სურდა კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ყოფნა, რადგან მას შეეძლო მედლის მოპოვება, როგორც დანარჩენ თანაგუნდელებს.

თუმცა, Relevo-ს ცნობით, ბენზემა ამ დროისთვის გუნდთან ერთად ყოფნას არ გეგმავს. მიზეზი გუნდის მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებებით მისი უკმაყოფილებაა. ფრანგმა მწვრთნელმა კითხვას, დაბრუნდება თუ არა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, უპასუხა, – „მე ვფიქრობ 24 მოთამაშეზე, რომლებიც გუნდში მყავს. არ ვისაუბრებ იმაზე, რაც ჩემს ყოველდღიურობას არ ეხება“.

ოთხშაბათს საღამოს, მაროკოს დამარცხების შემდეგ მას კვლავ ჰკითხეს, ჩამოვა თუ არა ბენზემა დოჰაში ფინალზე, მან კი უპასუხა: „მირჩევნია, არ გიპასუხოთ. შემდეგი კითხვა დამისვით“.

თავად ფრანგ თავდამსხმელს ესმის, რომ წინა მატჩების გამოტოვების შემდეგ გუნდში გადამწყვეტ თამაშზე წასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ დეშამის სიცივე კიდევ უფრო არ მოეწონა. ამას გარდა, Relevo-ს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც 20 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრები დატოვა, საფრანგეთის ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია. ეს ტრავმა ძალიან მძიმე მომენტი იყო მისთვის, რადგან მოუთმენლად ელოდა მსოფლიო ჩემპიონატს და ფიქრობდა, რომ ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები მასზე მეტად იზრუნებდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები არგენტინას კვირას, 18 დეკემბერს დაუპირისპირდება – თამაში თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.