ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა გენერალურ პროკურორს, გალი ბაჰარავ-მიარას უნდობლობა გამოუცხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა ქვეყნის გენერალურ პროკურორს, გალი ბაჰარავ-მიარას უნდობლობა გამოუცხადა.
როგორც „როიტერი“ წერს, პროკურორი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების მიმართ, რაც, შესაძლოა, უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა.
კენჭისყრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა ბაჰარავ-მიარას გადადგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არსებითი და ხანგრძლივი აზრთა სხვადასხვაობა ხელს უშლის ეფექტურ თანამშრომლობას მთავრობასა და პროკურორს შორის.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ იერუსალიმში ანტოსამთავრობო გამოსვლები გაიმართა. ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კენჭისყრა გაიმართა გასულ კვირასაც, როდესაც ნეთანიაჰუს კაბინეტმა უშიშროების სამსახურის („შინ ბეთი“) ხელმძღვანელს, რონენ ბარისაც გამოუცხადა უნდობლობა. პროტესტი ბარის მიმართ უნდობლობის გამოცხადებასაც მოჰყვა.