ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვინ გვადანაშაულებს კოლონიალიზმში? ფრანგები, ღვთის გულისთვის, რომლებმაც მოიგონეს ტერმინი კოლონიები? ყველას, ვინც ავრცელებს ტყუილებს ჩემი ქვეყნის შესახებ, სხედან ამ დარბაზში თუ ნიუ იორკის ანტისემიტი მერის ოფისში, სირცხვილი თქვენ
ვერ გავექცევით ჩვენს წინაშე მდგარ სამწუხარო სიმართლეს, თავისუფალი სამყაროს ბევრ წარმომადგენელს ეშინია თავისუფლების დაცვის, ჩვენ ისრაელში არ ველოდებით სხვების გამოღვიძებას მათი მორალური ძილიდან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნეთანუაჰუმ აბსურდულად მიიჩნია ისრაელის მისამართით გამოთქმული ბრალდებები „კოლონიალიზმზე“ და აღნიშნა, რომ ებრაელების ისტორიული სამშობლო – იუდეა, სამარია და გოლანის მაღლობები, მათი კუთვნილებაა ჯერ კიდევ მოსეს დროიდან.
„ზოგიერთი ადანაშაულებს ისრაელს, პატარა ისრაელს, კოლონიალიზმში. რაღაც კოლონიალიზმი. და ვინ გვადანაშაულებს? ფრანგები, ღვთის გულისთვის, რომლებმაც გამოიგონეს ტერმინი, კოლონიები?!“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა დეტალურად გაიხსენა 7 ოქტომბრის მოვლენები და მკაცრად დაგმო ის სისასტიკე, რომელიც ტერორისტებმა ჩაიდინეს. ასევე, კატეგორიულად უარყო ისრაელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები გენოციდზე და მოიყვანა ომების ექსპერტის, პოლკოვნიკ ჯონ სპენსერის შეფასება, რომლის თანახმადაც, ისრაელმა ისტორიაში ყველაფერი გააკეთა სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მილიონობით ზარი, ტექსტური შეტყობინება, ფლაერი და მილიონობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებითა თუ ვაქცინაციით. ამ კონტექსტში მან მწვავედ გააკრიტიკა ნიუ იორკის მერი მამდანი.
„ასე რომ, ყველას, ვინც ავრცელებს ამ ტყუილებს ჩემი ქვეყნის და ჩვენი მამაცი ჯარისკაცების შესახებ, მიუხედავად იმისა, სხედან ისინი ამ დარბაზში თუ ნიუ იორკის ანტისემიტი მერის ოფისში, სირცხვილი თქვენ. სირცხვილი თქვენ ფაქტების დამახინჯებისთვის. სირცხვილი თქვენ მსხვერპლისა და დამპყრობლის ადგილების გაცვლისთვის… ბატონო მამდანი, თქვენ შეეცადეთ, შეგეჩერებინათ ჩემი მოსვლა აქ. თქვენ სცადეთ, სცადეთ ჩემი გაჩუმება. თქვენ ვერ გამაჩუმებთ. თქვენ ვერ გააჩუმებთ სიმართლეს… ისრაელმა არ ჩაიდინა გენოციდი, ისრაელმა თავიდან აიცილა გენოციდი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე გააკრიტიკა ის დასავლელი ლიდერები, რომლებმაც „აირჩიეს, არ დამდგარიყვნენ“ ისრაელის გვერდით.
„ამ ქვეყნების ლიდერებმა ამჯობინეს ანტისემიტური ბრბოებისთვის დამორჩილება. მათ სისუსტე აირჩიეს. მათ დათმობის პოლიტიკა აირჩიეს. ჩვენ ვერ გავექცევით ჩვენ წინაშე მდგარ სამწუხარო სიმართლეს. თავისუფალი სამყაროს ბევრ წარმომადგენელს ეშინია თავისუფლების დაცვის. ჩვენ ისრაელში არ ველოდებით სხვების გამოღვიძებას მათი მორალური ძილიდან. ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ ვიპყრობთ მომავალს. ჩვენ ვახდენთ წარმოუდგენელ ინოვაციებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნური ინტელექტის, ბირთვული ინტელექტის სფეროებში და ამ საოცარ ინოვაციებს მთელ კაცობრიობას ვთავაზობთ. ასე რომ, ისრაელი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ჩვენ არ გვეშინია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.