ბენიამინ ნეთანიაჰუ – პრეზიდენტ ტრამპთან ერთად შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა ანეიტრალებდეს ბირთვულ საფრთხეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება ბირთვულ საფრთხეს უნდა გამორიცხავდეს. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევ მხარდაჭერას აგრძელებს.
„გუშინ ღამით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. მე ღრმა მადლიერება გამოვხატე პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის, მათ შორის ოპერაცია „ლომის ღრიალისა“ და „ეპიკური მრისხანების“ დროს, როდესაც ამერიკული და ისრაელის ძალები მხარდამხარ იბრძოდნენ ირანის საფრთხის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა ანეიტრალებდეს ბირთვულ საფრთხეს. ეს ნიშნავს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟს და გამდიდრებული ბირთვული მასალის მისი ტერიტორიიდან გატანას“, – წერს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელს შორის პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ქვეყნების საერთო პოზიციაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაადასტურა ისრაელის უფლება, დაიცვას თავი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში არსებული საფრთხეებისგან. ჩვენსა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ბრძოლის ველზე დადასტურდა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ჩემი პოლიტიკა, ისევე როგორც პრეზიდენტ ტრამპის, უცვლელი რჩება: ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“, – წერს ნეთანიაჰუ.