ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ მძევლები გაათავისუფლოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ მძევლები გაათავისუფლოს

ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ მძევლები გაათავისუფლოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ჩვენთვის ომის ორი მთავარი მიზანი. ერთი არის „ჰამასის“ განადგურება და ჩვენი მძევლების დაბრუნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო უნდა შეუერთდეს მძევლების გათავისუფლების მცდელობაში. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთ შემთხვევაში განიხილება და ეს არის ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.

როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა პასუხის გაცემაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან აცილებაზე და აღნიშნა, რომ „ასეთი რთული კითხვების დრო ომის დასრულების შემდეგ დადგება“.

„ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაისვას და ჩვენ ვაპირებთ ვუპასუხოთ ყველა ამ კითხვას, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ჩვენი მიზანია ქვეყნის გაერთიანება ერთი მიზნით, გამარჯვების მისაღწევად. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ გამარჯვებაზე, ეს ახლა ჩემი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ისრაელის ომისშემდგომი გეგმების შესახებ ღაზასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამორიცხავს კონტროლის პალესტინის ხელისუფლებისთვის გადაცემას. მისი თქმით, პალესტინის მმართველობამ წარსულში ვერ შეძლო ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზება.

„სამოქალაქო ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ორი მიზნით: ერთი არის ღაზის დემილიტარიზაცია და მეორე არის ღაზის დერადიკალიზება. უნდა ვთქვა, რომ პალესტინის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ორივე კუთხით მარცხი განიცადა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.