ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ ვერ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს მოქალაქეებსა და სამხედროებზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ის მოძრაობა „ჰამასს“ იერუსალიმზე იერიშის გამო, „წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს. „ჩვენზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ“, – ამბობს ისრაელის პრემიერი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით დამატებითი ძალები გაგზავნა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ პასუხი იქნება მწვავე, რომელიც დღეების განმავლობაში გაგრძელდება. სააგენტო „ალ ქუდსის“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის დაბომბვას ცხრა ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მსხვერპლი თავად პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტას მოჰყვა, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირების შესახებ.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო ოპერაციის განხორციელებას მხარი დაუჭირა, თუმცა სახმელეთო შეჭრაზე აქცენტი არ გაკეთებულა. მანამდე ისრაელის მედია წერდა, რომ „ჰამასმა“ იერუსალიმისა და ბეით შემეშის მიმართულებით შვიდი რაკეტა ისროლა.

პარალელურად, პალესტინური დაჯგუფება, „ისლამური ჯიჰადი“ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სარაკეტო იერიშების განახლებას გეგმავს.