ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას, სრული დატვირთვით მოქმედებას როგორც ირანში, ასევე ღაზაში
ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას, სრული დატვირთვით მოქმედებას როგორც ირანში, ასევე ღაზაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ ეტაპობრივად მივიწევთ წინ ჩვენი მიზნებისკენ. ძალიან ახლოს ვართ მათ მიღწევასთან. ჩვენ არ შევაჩერებთ ამ ისტორიულ ოპერაციას, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, აშშ-ის დარტყმამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ფორდოს ბირთვულ ობიექტს.
„მე დონალდ ტრამპს ვუთხარი ჩვენი მოქმედების აუცილებლობის შესახებ და მან ეს ძალიან კარგად გაიგო. მე ვიცოდი, რომ როდესაც საქმე აქამდე მივიდოდა, ის სწორად მოიქცეოდა. ის სწორად მოიქცეოდა ამერიკისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის. ის სწორად მოიქცეოდა ცივილიზაციისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელს „მოუწია მოქმედება“ ირანის წინააღმდეგ, რადგან თეირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიისწრაფოდა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალაჰის მკვლელობის შემდეგ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საინტერესო ინფორმაცია ირანის 400 კილოგრამი 60 პროცენტით გამდიდრებული ურანის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ღაზაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია, ღაზას სხვა მომავალი მისცეს.
„შეიძლება, ის ხვალ დასრულდეს. ის შეიძლება, დღეს დასრულდეს, თუ „ჰამასი“ დანებდება, იარაღს დაყრის და ყველა მძევალს გაათავისუფლებს. ეს ერთ წამში დასრულდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ღაზას სხვა მომავალი მივცეთ. მე მაქვს გეგმა მუდმივი მშვიდობისთვის. ჩვენ მზად ვართ, ახლავე დავიწყოთ მოლაპარაკებები ბატონი უიტკოფის წინადადებაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.