ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მიმიღია, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ყველანი მკვდრები ვიქნებოდით
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვრცელი სიტყვით მიმართა მსოფლიო ლიდერებს.
დასაწყისშივე მან მკაცრად გააკრიტიკა ის დელეგატები, რომლებმაც მის გამოსვლამდე დარბაზი პროტესტით დატოვეს და მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელი, თავის დაცვასთან ერთად, რეალურად იმ ქვეყნების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, რომელთა წარმომადგენლებმაც დარბაზი დატოვეს. მისი თქმით, ამ ლიდერებიდან ბევრმა მას პირად საუბრებში მადლობაც კი გადაუხადა ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებისთვის.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულისა, ბირთული ობიექტების განადგურება იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველანი მკვდრები ვიქნებოდით“.
„ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია, როგორც პრემიერ-მინისტრს, რადგან ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენ ყველა მკვდრები ვიქნებოდით. და იცით, რა არის ირონია? თავის დაცვით, ისრაელი ასევე იცავს ბევრ იმ ქვეყანას, რომელთა დელეგატებმაც ახლახან დატოვეს ეს დარბაზი“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაბედული ლიდერობისთვის.
„ამ ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვყოლია პრეზიდენტ ტრამპზე დიდი პარტნიორი. მადლობას ვუხდი მას გაბედული ლიდერობისთვის, რომლითაც ის თამამად დაუპირისპირდა ამერიკის, ისრაელისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ უზარმაზარ საფრთხეს. ათწლეულების წინ გაიაზრა, რომ თუ მათ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, ფანატიკოსი აიათოლები, რომლებიც სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, საბოლოოდ განახორციელებენ თავიანთ შეშლილ ფანტაზიებს. ასე რომ, ისრაელი და ამერიკა ერთად მოქმედებდნენ არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ცივილიზაციის გადასარჩენად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ნიუ ჯერსის ზომის ქვეყანა უკვე სამი წელია, წარმატებით აწარმოებს ომს ერთდროულად შვიდ ფრონტზე, უძლებს ათასობით ბალისტიკურ რაკეტას და წარმართავს ბრძოლას ცივილიზაციის გადასარჩენად.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები დღედაღამ იბრძვიან ომში შვიდ ფრონტზე. იცნობთ სხვა რომელიმე ნიუ ჯერსის ზომის ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, წლების განმავლობაში ერთდროულად შვიდ ფრონტზე იბრძოლოს? შვიდი ფრონტი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანუაჰუმ აბსურდულად მიიჩნია ისრაელის მისამართით გამოთქმული ბრალდებები „კოლონიალიზმზე“ და აღნიშნა, რომ ებრაელების ისტორიული სამშობლო – იუდეა, სამარია და გოლანის მაღლობები, მათი კუთვნილებაა ჯერ კიდევ მოსეს დროიდან.
„ზოგიერთი ადანაშაულებს ისრაელს, პატარა ისრაელს, კოლონიალიზმში. რაღაც კოლონიალიზმი. და ვინ გვადანაშაულებს? ფრანგები, ღვთის გულისთვის, რომლებმაც გამოიგონეს ტერმინი, კოლონიები?!“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა დეტალურად გაიხსენა 7 ოქტომბრის მოვლენები და მკაცრად დაგმო ის სისასტიკე, რომელიც ტერორისტებმა ჩაიდინეს. ასევე, კატეგორიულად უარყო ისრაელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები გენოციდზე და მოიყვანა ომების ექსპერტის, პოლკოვნიკ ჯონ სპენსერის შეფასება, რომლის თანახმადაც, ისრაელმა ისტორიაში ყველაფერი გააკეთა სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მილიონობით ზარი, ტექსტური შეტყობინება, ფლაერი და მილიონობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებითა თუ ვაქცინაციით. ამ კონტექსტში მან მწვავედ გააკრიტიკა ნიუ იორკის მერი მამდანი.
„ასე რომ, ყველას, ვინც ავრცელებს ამ ტყუილებს ჩემი ქვეყნის და ჩვენი მამაცი ჯარისკაცების შესახებ, მიუხედავად იმისა, სხედან ისინი ამ დარბაზში თუ ნიუ იორკის ანტისემიტი მერის ოფისში, სირცხვილი თქვენ. სირცხვილი თქვენ ფაქტების დამახინჯებისთვის. სირცხვილი თქვენ მსხვერპლისა და დამპყრობლის ადგილების გაცვლისთვის… ბატონო მამდანი, თქვენ შეეცადეთ, შეგეჩერებინათ ჩემი მოსვლა აქ. თქვენ სცადეთ, სცადეთ ჩემი გაჩუმება. თქვენ ვერ გამაჩუმებთ. თქვენ ვერ გააჩუმებთ სიმართლეს… ისრაელმა არ ჩაიდინა გენოციდი, ისრაელმა თავიდან აიცილა გენოციდი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე გააკრიტიკა ის დასავლელი ლიდერები, რომლებმაც „აირჩიეს, არ დამდგარიყვნენ“ ისრაელის გვერდით.
„ამ ქვეყნების ლიდერებმა ამჯობინეს ანტისემიტური ბრბოებისთვის დამორჩილება. მათ სისუსტე აირჩიეს. მათ დათმობის პოლიტიკა აირჩიეს. ჩვენ ვერ გავექცევით ჩვენ წინაშე მდგარ სამწუხარო სიმართლეს. თავისუფალი სამყაროს ბევრ წარმომადგენელს ეშინია თავისუფლების დაცვის. ჩვენ ისრაელში არ ველოდებით სხვების გამოღვიძებას მათი მორალური ძილიდან. ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ ვიპყრობთ მომავალს. ჩვენ ვახდენთ წარმოუდგენელ ინოვაციებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნური ინტელექტის, ბირთვული ინტელექტის სფეროებში და ამ საოცარ ინოვაციებს მთელ კაცობრიობას ვთავაზობთ. ასე რომ, ისრაელი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ჩვენ არ გვეშინია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ირანზე საუბრის დროს, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „დროის ამბავია, როცა ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა“. მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ეშინიათ, ეს ირანელი ტირანები არიან და რომ მათ საკუთარი ხალხის, მოქალაქეების ეშინიათ. ნეთანიაჰუმ წარმოადგინა „სტარლინკის“ მოწყობილობა, რომელიც ირანელ მოსახლეობას ცენზურის გვერდის ავლით სიმართლის გაგებისა და ხმის ამაღლების საშუალებას აძლევს. ნეთანიაჰუს თქმით, „სტარლინკის“ ასეთ მოწყობილობას ის ირანის დელეგაციისთვის გადასაცემადაც დატოვებს.
„ირანის რეჟიმი განსაკუთრებით მაშინ შიშობს, როცა მის ხალხს აქვს ეს… ეს არის საკომუნიკაციო მოწყობილობა, „სტარლინკი“, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სიმართლე, ისარგებლონ არჩევანის თავისუფლებით… ბატონო პრეზიდენტო, მე დავტოვებ ამ მოწყობილობას თქვენთან, რათა გადასცეთ ირანის დელეგაციას, რომ როდესაც ისინი აუცილებლად განდევნიან რეჟიმს, მათაც შეეძლებათ, თავისუფლად მოყვნენ თავიანთი ამბავი სოციალურ ქსელებში. ერთ დღესაც და შესაძლოა, ეს შორს არ იყოს, ირანელი ხალხი თავისუფალი იქნება. მათი მკვლელი რეჟიმი დაემხობა საკუთარი ტყუილებით, კორუფციით, სისასტიკით. ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ჩვენ ყველანი ვიზეიმებთ ამ დღეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.