ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ს ისრაელზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს და არც ისრაელს ჰყავს აშშ-ზე დიდი მოკავშირე, არ ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის რამე განხეთქილება არსებობს

21:42, 05.07.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოსაზრება, რომ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უთანხმოება არსებობს. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები შემთხვევების 99 პროცენტში ერთ აზრზე არიან, წარმოშობილ უთანხმოებებს კი, როგორც წესი, აგვარებენ.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის რამე განხეთქილება არსებობს. აშშ-მა ჩვენ სამაგალითო მოკავშირე გვიწოდა, რადგან ჩვენ თქვენი ე.წ. მოკავშირეების უმეტესობისგან განვსხვავდებით. ჩვენ რეალურად თქვენთან ერთად ვიბრძვით. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და თქვენი მამაცი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან. ვფიქრობ, აშშ-ს ისრაელზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს და არც ისრაელს ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატებისთვის არის კარგი. მე ისრაელის, ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს ლიდერი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის არის კარგი. შემთხვევათა 99 პროცენტში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს სრულად ემთხვევა. თუმცა, როგორც ნებისმიერ ოჯახში ან ახლო მეგობრობაში, ზოგჯერ ჩვენს შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც. მათზე ღიად ვმსჯელობთ თავისუფალ და გულწრფელ გარემოში და, როგორც წესი, ამას ვაგვარებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ქმედებებმა შესაძლოა, გზა გაუხსნას ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამშვიდობო შეთანხმებებს, „აბრაამის შეთანხმების“ შემდეგ.

„ჩვენ არ ვიმყოფებით მუდმივ საომარ მდგომარეობაში. პირადად მე, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ოთხი სამშვიდობო შეთანხმება გავაფორმე. მივაღწიეთ „აბრაამის შეთანხმებებს“. და მე მჯერა, რომ ირანის დასუსტების შემდეგ, რასაც ჩვენი ერთობლივი სამხედრო მოქმედებების შედეგად მივაღწიეთ, კიდევ უფრო მეტი შეთანხმება იქნება. ქვეყნებს სურთ ჩვენს გვერდით დადგნენ, რათა დაიცვან საკუთარი მომავალი და უზრუნველყონ თავიანთი კეთილდღეობა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი